დღეს
ქართული პროზა
უცხოური პროზა
ГОЛОСОВАНИЕ

Лучший из новостных
Неплохой движок
Устраивает ... но ...
Встречал и получше
Совсем не понравился


არქივი
ლექსების არქივი
ჭკუამხიარული მამონტი კარნასი IV
  abuladze nana | სიახლე დადო: baev | 22-03-2010, 16:31
გარდა ხმალკბილა ვეფხვებისა მამონტებს კიდევ ერთი მტერი ჰყავდათ _ ადამიანი. ეს უკანასკნელი იყენებდა როგორც მათ ხორცს, ისე მათ სქელ ბეწვს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგი ცივ ზამთარში იყო. აი, ეს ზამთარიც დადგა.

კარნასი თოვლში თამაშობდა. რამდენიმე დღე რიკო არ ენახა და ცოტა არ იყოს, აღელვებულიც გახლდათ ამის გამო. თოვლში გაირბინა და მერე გასრიალდა, მაგრამ უეცრად ადამიანი შენიშნა. აქამდე ასე ახლოს ადამიანები არ ენახა. ცნობისმოყვარეობამ სძლია და გადაწყვიტა, დაჰკვირვებოდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში კარნასსი ყურადღებით უცქერდა კაცს, რომელიც თავისი საქმით იმდენად იყო გართული, რომ მას ვერ ამჩნევდა და ალბათ, ვერც შეამჩნევდა, რომ არა პატარა მამონტის დიდი შეცდომა: კარნასმა ნაბიჯი წინ გადადგა, თან ადამიანისთვის თვალი არ მოუცილებია, ძირს არ დაუხედავს და შემთხვევით ფეხი ხის ხმელ ტოტს დაადგა. ტკაცანზე კაცმა მოიხედა. პატარა კარნასმა რატომღაც ვერ მოიაზრა, გაქცეულიყო. კაცი მას მიუახლოვდა და ის იყო, უნდა აეყვანა ხელში, რომ უცბად საიდანღაც რიკო გააფთრებით მკლავში ჩააფრინდა. კაცმა ტკივილისგან იღრიალა.

_ კარნაშ, გაიქეჩი! _ იყვირა რიკომ, თან მკლავს ცოცხალი თავით არ უშვებდა კბილებს.

კარნასმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა. როცა რიკომ კაცის საშველად მომავალი შუბით შეიარაღებული ადამიანები შენიშნა, კაცს შეეშვა და კარნასს გაედევნა.

მათ როგორღაც დააღწიეს ადამიანებს თავი და ტყეში დაიმალნენ.

_ ჩემგან რა უნდოდათ? _ იკითხა აქოშინებულმა კარნასმა.

_ ტყავი და ხორცი. _ უბრალოდ უპასუხა რიკომ.

_ ჩემი მომცრო ტყავი ვის რად უნდა?!

_ შენ თუ ფიქრობ, რომ ადამიანებს ნაშიერები არ ჰყავთ, ძალიან ცდები!

_ რაც არის, არის. მთავარია, ცოცხლები ვართ. დიდი მადლობა, რომ გადამარჩინე. ამ დღეების განმავლობაში სად იყავი?

_ ეჰ! ეგ გრძელი ამბავია. _ მოიღუშა რიკო _ მამაჩემმა გამომაგდო და ხან სად ვიყავი, ხან სად.

_ გამოგაგდო? ეს როგორ?!

შემდეგ რიკომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. დუმილი ჩამოვარდა. ამ დროს მათ ნეფესი მიუახლოვდა.

_ ჩემო ბიჭუნავ?! ამ ბოკვერთან რა გინდა? ახლავე გაიქეცი! მე...

_ არა, ბაბუა, ის ჩემი მეგობარია!

_ მეგობარი კი არა, მტერია! ნუ მასწავლი ახლა! ჯერ არ დავბრმავებულვარ და გარკვევით ვხედავ ამ ხმალკბილა ვეფხვის ნაშიერს!

_ ბაბუა, მან დღეს ადამიანებისგან მიხსნა!

_ ადამიანებისგან?! ადამიანებთან რაღა გინდოდა? სულ არ მეპიტნავება ეგ მე, დღეს გიხსნა, ხვალ შეგჭამს!

_ ვერ შემჭამს, ნადირობა არ იცის!

_ შენ მაგაზე ნუ იღელვებ, ასწავლიან!

_ აღარ ასწავლიან, ჩემ გამო წინამძღოლმა გააგდო.

_ გააგდო?.. _ ნეფესს ხმა ჩაუწყდა და ნაღვლიანად გახედა ბოკვერს _ რა გქვია?

_ რიკო.

_ ვიქნებით რა, ერთად ბაბუ, გთხოვ! _ აცქმუტდა კარნასი.

ნეფესი დუმდა, ბოლოს ესღა თქვა:

_ ჩემო ბიჭუნავ, მინდა იცოდე, რომ მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. ფრთხილად იყავით! _ ნეფესმა ალერსიანად მოუთათუნა ხორთუმი თავზე ჯერ კარნასს, მერე _ რიკოს და ხალისიანად გაუღიმა.

ეს უჩვეულო ამბავი მხოლოდ მაშინღა გახმაურდა, როცა რიკოც და კარნასიც მოზრდილი და დამოუკიდებელი ცხოველები იყვნენ. ბევრი კიცხავდა, ბევრი არც იჯერებდა.. მეგობრები სხვის აზრს ყურდღებას არ აქცევდნენ. თუ გარეგნობას არ ჩავთვლით, ისინი თითქმის სულ არ შეცვლილიყვნენ _ რიკო ისევ ისეთი მამაცი იყო, კარნასი _ ისევ ისეთი ჭკუამხიარული. ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. რიკო მამონტებზე არ ნადირობდა, კარნასი კი მოხარული იყო იმით, რომ ახლა უკვე არავინ ჩასჩიჩინებდა: ნუ ცელქობ და დინჯად მოიქეციო! მეგობრობაში ხელს ახლა აღარავინ და აღარაფერი აღარ უშლიდათ, ჰოდა, მეგობრობდნენ კიდეც, ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში!
კომენტარი: 78 | ნანახია: 403 |
ჭკუამხიარული მამონტი კარნასი III
  abuladze nana | სიახლე დადო: baev | 22-03-2010, 16:31
ამ ყველაფრიდან მესამე დღეს ხმალკბილა ვეფხვები ისევ გაემართნენ სანადიროდ..

_ რიკო, დღეს შენც წამოხვალ და თუ კარგად მოიქცევი, მონაწილეობასაც მიიღებ ნადირობაში! _ უთხრა წინამძღოლმა თავის შვილს.

_ გმადლობ, მამიკო!

გამოხდა ხანი და რამდენიმე მამონტმა კვლავ აწია ჰაერში ხორთუმი.

_ შეხედე, როგორ გარბიან, რიკო! _ მამონტებზე მიუთითა წინამძღოლმა _ აი, იმ პატარას შეხედე, ჩამორჩა დანარჩენებს. მიდი, რიკო, დაედევნე, სანამ დროა!

რიკომ მზაკვრული ღიმილით გახედა მამონტებს და ელდა ეცა, როცა მიხვდა, რომ მამა კარნასზე ეუბნებოდა! ღიმილი სახეზე შეეყინა.

_ არა, მამა, მე ვერ ვიზამ მაგას!

_ რას ჰქვია, ვერ იზამ?! მიდი, რომ გეუბნები!

_ არა, მამა, არა!

_ როგორ თუ, არა?!

_ ის ჩემი მეგობარია!

ამ სიტყვებმა განარისხა წინამძღოლი:

_ ვინაა შენი მეგობარი, ბიჭო, მამონტი?! და-და-დამეკარგე აქედან! _ სიმწრისგან ენა დაება მამამისს _ აქ აღარ გიხილოს ჩემმა თვალებმა!

წინამძღოლის სიტყვებს წინ ვერაფერი დაუდგა. არავითარმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, თანაც რიკოს კარნასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ სურდა, ამიტომ გააძევეს.
კომენტარი: 1 | ნანახია: 267 |
ჭკუამხიარული მამონტი კარნასი II
  abuladze nana | სიახლე დადო: baev | 22-03-2010, 16:30
ახალ საცხოვრებელ გარემოში გადმოსული კარნასი ისევ გახალისდა. მდელოზე გამოფენილ მამონტთა შორის კვლავ მხიარულად დარბოდა. დედამისს, როგორც ჩანდა, მობეზრდა მისთვის შენიშვნების მიცემა და ყურადღებას აღარ აქცევდა.

მდელოს ერთი მხრიდან ტყე ეკვროდა. მის სიახლოვეს მდგარმა რამდენიმე მამონტმა ერთდროულად აწია ხორთუმი ჰაერში და განგაში ატეხეს:

_ ხმალკბილა ვეფხვები გვიახლოვდებიან!

ტყიდან მარდად წამოვიდა ოთხი თუ ხუთი ხმალკბილა ვეფხვი ღრენითა და კბილების ღრჭენით.

_ გამოადგი ფეხი! რაღას უყურებ? _ მკვახედ მიმართა ლიზამ შვილს, რომელიც შიშისგან გახავებული იდგა ერთ ადგილას და ვერაფრით მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.

_ ფრთხილად, ჩემო ბიჭუნავ! _ ამ სიტყვებზე ნეფესმა შვილიშვილი ხორთუმით ჰაერში აიტაცა.

როცა მამონტთა უმრავლესობამ სამშვიდობოს გააღწია, ბაბუამ კარ=ნასს უთხრა:

_ ამ მტაცებლებს რომ დაინახავ, მოერიდე, ჩემო ბიჭუნავ, ძალიან საშიშები არიან. ეს ჩვენი ცხოვრებაა, რას იზამ, უნდა მიეჩვიო! _ გაუღიმა და ხორთუმით მოეფერა.

პატარა კარნასს ეს ამბავი ღრმად ჩარჩა გულში და მთელი ღამე ვერ დაიძინა. ეშინოდა, ხმალკბილა ვეფხვები ახლაც არ დასხმოდნენ თავს. რამდენჯერაც ჩათვლემდა, იმდენჯერ საზარელი ხმალკბილა ვეფხვები ესიზმრებოდა და ძილგამკრთალს ეღვიძებოდა.

მეორე დღეს კი მაინც ვერ სძლია ბავშვურ ცნობისმოყვარეობას და ტყეში შევიდა. სახიფათო ვერაფერი ნახა. ერთ ხესთან ახლოს გაჩერდა. ამ დროს, უეცრად, ტკაცანი მოესმა ზემოდან. ზემოთ აიხედა და უკან გახტომა და თავის ჩამალვა წინა ფეხებში ძლივს მოასწრო, რომ ხის ტოტი ჩამოტყდა. აცახცახებულმა კარნასმა ნელ-ნელა აიღო თავი მიწიდან. ტოტს ფეხი ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერმა გადმოაბიჯა!

_ ვაიმეე! _ კარნასი მახლობელ ხეს ამოეფარა. ერთიანად კანკალებდა და მის გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა.

_ ეი, შენ, მანდ! _ დაუძახა ბოკვერმა _ გამოდი, არაფერს გავნებ!

_ ტყ-უ-უ-უ-ი-ი-ი! _ ხმის კანკალით აღმოთქვა კარნასმა.

_ გამოდი, დამენახე რა სულიერი ხარ! _ გაბედულად მიუგო ბოკვერმა. _ რა გქვია?

_ კა-კა-კა-კარნაასი!

_ მე _ რიკო. გამოდი, მართლა გეუბნები, არაფერს დაგიშავებ. გამოდი, გთხოვ!

კარნასმა ნელა გადადგა ორიოდე ნაბიჯი.

_ აჰა! მამონტი ყოფილხარ! გინდა, ერთად ვითამაშოთ?

კარნასმა შეშფოთებით გახედა, მაგრამ რამდენიმე წუთში ისინი მართლაც ერთად თამაშობდნენ!

შებინდებისას, როცა სასიამოვნოდ დაღლილი ორი მეგობარი მიწაზე გაწოლილიყო, რიკომ კარნასს მიმართა:

_ ღამდება. უნდა წავიდე, თორემ გამიბრაზდებიან, კარგად იყავი!

_ მეც უნდა წავიდე. ნახვამდის, რიკო! ხვალ შევხვდებით?

_ მე მთელი დღე ტყეში ვარ. შენც თუ მოხვალ, კარგი იქნება! ამ ადგილას შევხვდეთ. აბა, კარგად!

_ კარგად!

_ სად იყავი ამდენ ხანს? _ შეეკითხა ტყიდან გამოსულ კარნასს ბაბუა. _ ძალიან შემაშინე, ჩემო ბიჭუნავ! მეორედ ასე აღარ გადაიკარგო!

კომენტარი: 0 | ნანახია: 280 |
ჭკუამხიარული მამონტი კარნასი I
  abuladze nana | სიახლე დადო: baev | 22-03-2010, 16:29
_ კარნას, კარნას, სად ხარ?

_ აქ ვარ, დედიკო! _ პატარა მამონტმა, როგორც შეეძლო, ისეთი სისწრაფით მიირბინა დედასთან.

_ წამოდი, თორემ დავაგვიანებთ, მიგრაცია იწყება.

მართლაც, სულ მცირე ხანში უზარმაზარი მამონტები გზას გაუდგნენ.. კარნასი აქეთ-იქით მხიარულად დახტოდა. მისი ტოლი მამონტებში არავინ იყო, მიუხედავად ამისა, მარტოც მშვენივრად ახერხებდა გართობას, რაც მის ზრდასრულ ნათესავ-ახლობლებში უკმაყოფილებას იწვევდა.

_ როდის მორჩები ამ უაზრო ცანცარს? არ შეგიძლია, უბრალოდ დინჯად იარო?! _ დაუცაცხანა დედამ. _ ირგვლივ მყოფთ აწუხებ!

_ კარგი რა, დედიკო! უბრალოდ დინჯად სიარული _ კარნასმა ამ სიტყვებზე რამდენიმე მძიმე ნაბიჯი გადადგა თოვლში და თან მეტად ჩაფიქრებული სახე მიიღო. _ ეს ხომ ძალიან მოსაწყენია! _ მერე ისევ დაუბრუნდა სახეზე ღიმილი და თამაში განაგრძო.

_ რას იტყვიან ჩვენზე დანარჩენები, ყველასთან თავი მოგვეჭრება ამ ერთიბეწო აბეზარის გამო! _ გადაულაპარაკა დედამ მამას.

კარნასმა შემთხვევით ყური მოჰკრა ამ სიტყვებს. სახიდან მაშინვე მოსცილდა ღიმილი, გაჩერდა, თავი ჩაქინდრა და ცისფერი თვალები აუწყლიანდა. ეს მათ გვერდზე მიმავალმა კარნასის ბაბუამ შენიშნა და მკაცრად უთხრა მშობლებს:

_ უცნაურია, ყოველი ჩვენგანი ოდესღაც ბავშვი იყო, მაგრამ ბავშვებთან მოქცევა არც ერთმა არ ვიცით! როგორ შეიძლება გაუბრაზდე შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თამაშობს?! ლიზა, ნუთუ შენ არასდროს არ გითამაშია?

_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მამა, _ მიუგო კარნასის დედამ. _ ის უკვე არც ისე პატარაა.

_ არც ისე პატარა?! ჯერ ეშვებიც კი არ ამოსვლია, სულ მთლად სპლიყვია, ლიზა! _ შემდეგ ხნიერი ნეფესი თავის შვილიშვილს მიუბრუნდა, რომელიც ჩუმად, მაგრამ ცხარე ცრემლით ტიროდა.

_ ნუ ტირი, ჩემო ბიჭუნავ! _ დაუყვავა და ვეებერთელა ხორთუმით აუჩეჩა ქოჩორი ასლუკუნებულ კარნასს. _ წამოდი ჩემთან ერთად.

_ აი, სულ შენი გაფუჭებულია ეგ თითისტოლა და იმიტომაა, რომ აღარ მიჯერებს! _ უკმეხად მიაძახა ლიზამ.

_ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩემო ბიჭუნავ! დღეს უბრალოდ აღელვებულია. _ თბილად უთხრა ნეფესმა შვილიშვილს.

კარნასის მამა კი, ვითომც არაფერი, ისე უდარდელად მიაბიჯებდა თოვლში. მშვიდი სახით აქეთ-იქით იყურებოდა და სახეზე ეტყობოდა, რომ იოტისოდენ ცნობისმოყვარეობასაც კი არ უღვივებდა ის, თუ როგორ იქცეოდა მისი ვაჟი.

კომენტარი: 0 | ნანახია: 288 |
ამბავი დე ლა მელასი
  abzianidze zaza | სიახლე დადო: baev | 22-03-2010, 16:28
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და აქედან ძალიან შორს. თქვენ რომ შეგძლებოდათ ნებიერად გეფრინათ უღრანი ტყის თავზე, როგორც, მაგალითად, ცნობისმოყვარეობით განთქმულ ყვანჩალა ზიტას, უთუოდ შენიშნავდით ტყის შუაგულში, მდელოზე აჩონჩხლილ პატარა ციხესიმაგრეს ქონგურებიანი გალავნით და ამ გალავანს გაყოლებული, წყლით ამოვსებული თხრილით.
უცნაური იყო ეს სათამაშოსმაგვარი ციხესიმაგრე და კიდევ უფრო უცნაური ის ამბავი, აქ რომ დატრიალდა. უცნაური იყო, რადგან ეს ციხე-დარბაზიცა და ეს გალავანიც თავის დროზე ტყის უჩინარ ბინადრებს _ პატარა, ჯადოქარ გნომებს აეშენებინათ იმდროინდელი რაინდების წაბაძვით; ერთხანს უცხოვრიათ კიდეც აქ, მაგრამ მერე ისევ ძველებური და თავისუფალი ცხოვრება მონატრებიათ და ტყეში დაბრუნებულან, ციხესიმაგრე კი აქაური ტყის მელათმთავრის _ დე ლა მელას მშობლებისათვის გადაუბარებიათ. გარიგების თანახმად, ციხის ახალი მეპატრონენი ყოველდღე მიაცუნცულებდნენ ქონდრისკაცებთან თავისი ღამეული ნადავლის მეოთხედს.
ასეთი იყო გარიგება წინაპართა შორის და მელაკუდები, თუმცაღა საკმაოდ ეშმაკები იყვნენ, ამ გარიგებას არ არღვევდნენ _ არც ჯადოქარი გნომების განაწყენება უნდოდათ და არც თავიანთი წინამძღოლისა, რომელსაც ციხე-დარბაზთან ერთად მელათა გრაფის წოდებაც მიეღო და ახლა ისე უფრთხილდებოდა ამ რაინდულ პატივს, როგორც თავის უგრძესსა და უფაფუკეს კუდს.
ადრე, როცა კუდგრძელები ჯერ კიდევ თავ-თავიანთ სოროებში ცხოვრობდნენ ტყეში, ნადავლის მეტ ნაწილს მგელი სევასტი ართმევდა. სევასტის არნახული მადა ჰქონდა, მაგრამ სოფლის ძაღლების ეშინოდა და მარტო მელიები ჰყავდა დაჯაბნილი _ სადაც კი დაიგულებდა, პირიდანვე სტაცებდა ქათამს. რომელიმე მელათაგანი რომ გაქცეოდა კიდეც _ გაწბილებული სევასტი სოროს აუწიოკებდა. მომხდარა, რომ ლეკვებიც კი მოუტაცნია...
ისე იყო თუ ასე, მელათა მოდგმამ გნომებთან გარიგება არჩია. ახლა, ღამეული ნადირობის შემდეგ, მელაკუდები გარიჟრაჟზე, წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მამაცი დე ლა მელას წინამძღოლობით დარაზმულნი ამაყად შედიოდნენ თავიანთ ციხესიმაგრეში.
შიმშილით ჯანგატეხილი სევასტი კბილების კრაჭუნით უვლიდა გარშემო სამელიეთის გალავანს და დე ლა მელას მოდგმის აქ დასახლების დღეს წყევლიდა...
სამელიეთის გალავანს შიგნით კი ფრიად საინტერესო ამბები ხდებოდა. გნომებისგან გაგონილმა სარაინდო ისტორიებმა ისე გაიტაცეს დე ლა მელა, რომ იგი ახლა ძალას არ იშურებდა, რათა თავისი ცუღლუტი ქვეშევრდომებისათვის ნამდვილ საგრაფოებში მიღებული წეს-ჩვეულებები და სიტყვა-პასუხი შეეთვისებინა.
ამ წეს-ჩვეულებათაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო, ზოგი _ მომაბეზრებელი, მაგრამ არცთუ უაზრო, ზოგიც _ უბრალოდ სასაცილო... გრაფის ზურგს უკან თითქმის ყველა ქირქილებდა მის ახირებაზე, მაგრამ ამ თამაშს თავისი ხიბლიც ჰქონდა და მელაკუდები თანდათან მიეჩვივნენ ახლებურ ყოფას: ღამღამობით კვლავ დასუნსულებდნენ ნადავლის საშოვნელად, დღისით კი ისე დარბაისლურად დასეირნობდნენ დე ლა მელას სასახლის გარშემო, რომ ამის შემყურე ყვანჩალა ზიტას ეჭვიც კი ღრღნიდა _ ჩემს შემოსატყუებლად ხომ არ იდარბაისლებენ თავს ეს ეშმაკებიო?
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად კი _ საღამოს (ხოლო მშვენიერი იყო თუ არა _ ახლა ნახავთ), სამელიეთის გალავნის შიგნით ისეთი წრიალი ატყდა, რომ ცნობისმოყვარე ზიტამ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და გალავნის ქონგურს შემოაჯდა. აქედან უკვე კარგად ხედავდა, რომ მისთვის ახლა სამელიეთში არავის ეცალა: რაღაც საგანგაშო მომხდარიყო, მელიები მიმორბოდნენ და მხოლოდ დე ლა მელა, რომელსაც ზიტა უცდომლად ცნობდა უზარმაზარი და მბზინავი კუდით, აუჩქარებლად მიემართებოდა სასახლისაკენ.
გრაფის ციხე-დარბაზში უკანასკნელი, ყველაზე ბალანგაცვენილი და გაუბედურებული მელაც რომ შეიძურწა და გარეთ აღარავინ დარჩა, ზიტას მთლად უმტყუნა ნებისყოფამ და ახლა უკვე სასახლის ზემო სარკმელში შეყო თავი.
როდესაც თავდაპირველი აურზაური მიწყნარდა და კუდაცახცახებული ქვეშევრდომები უფროს-უმცროსობით განლაგდნენ დე ლა მელას გარშემო, ზიტა სმენად იქცა. მალე მიხვდა, რომ მთელ ამ ამბავს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყვავებთან, მაგრამ სამელიეთს კი მართლაც დიდი გასაჭირი ადგა _ ამაღამდელი ნადირობისათვის გამზადებულმა მელაკუდების რაზმმა თხრილზე გადასასვლელი ხიდი ვერ ჩაუშვა. ვიღაც მზაკვარს გარედან ისე ჩაეხერგა ხიდიცა და ალაყაფის კარიც, რომ ახლა ციხიდან ცხვირის გამყოფი არავინ იყო. რაღა თქმა უნდა, თუ გალავნიდან გადახტომას და თხრილში თავის დახრჩობას არ მოინდომებდა.
ზიტა მიხვდა, რომ წესისამებრ, სხვაზე ადრე თავისი აზრი დე ლა მელას ყველაზე კუდგრძელ კარისკაცებს _ ბარონებს დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს უნდა გამოეთქვათ, მაგრამ ყვანჩალამ არ იცოდა, რომ სუნსულიო-ცუნცულიოს ვეზირობის დროს ერთხელაც არ მომხდარა, რომ მათი აზრი ერთმანეთს დამთხვეოდა.
ახლაც ასე იყო. დე სუნსულიო დაჟინებით იმეორებდა _ `სევასტი! სევასტი! სევასტი!~, ხოლო დე ცუნცულიო ასეთივე შეუპოვრობით პასუხობდა _ `ბომბოკო! ბომბოკო! ბომბოკო!~
დე ლა მელა ხან ერთს მიაჩერდებოდა, ხან მეორეს, თავისთვის კი ფიქრობდა, რომ თუმცაღა სევასტი ყველაფრის მკადრებელი იყო, შიმშილით მისუსტებული ბებერი მგელი ვერაფრით ამოგლეჯდა ძირფესვიანად ხეს და ხიდს ვერ ჩახერგავდა, ხოლო დათვი ბომბოკო ჯანზე კი იყო, მაგრამ მელიებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდა და, საერთოდ, არ ჰგავდა ამგვარი ვერაგობის ჩამდენს...
მელათმთავარმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კარისკაცებს და თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ ბრძენი სოფი თუ უშველიდა ახლა ჩვენს გაჭირვებას, მაგრამ ფრენა ჩვენ არ შეგვიძლია და, აბა, ხმას როგორ მივაწვდენთ?..
_ მე მოგიყვანთ სოფის! _ ისე უეცრად წამოიჩხავლა ზემოდან ზიტამ, რომ თვითონვე გაუკვირდა და თავი ფრთებში ჩამალა.
ბეწვბრწყინვალეთა საზოგადოებაში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. დე ლა მელა უძრავად იჯდა, თითქოს არც გაეგონა ზიტას წამოძახილი და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უნდობლად აიხედა იმ სარკმლისაკენ, სადაც ეგულებოდა სამელიეთის არამკითხე მხსნელი. ყვანჩალა უკვე გაფრენილიყო...
გათენებას ბევრი არ უკლდა და, ის-ის იყო, სუნსულიო-ცუნცულიო კვლავ კამათის წამოწყებას აპირებდნენ, როდესაც დარბაზში ბუ სოფი შემოფრინდა და დარბაისლურად დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ.
სოფისა და დე ლა მელას მეგობრობას თავისი ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ სამელიეთის დაარსებამდე სოფის მამას შესცოდებია და შესაჭმელად არ გაუმეტებია დე ლა მელას პატარა და-ძმა. რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ სოფი და მისი წვრილშვილი დე ლა მელას მთელი მოდგმისათვის კბილშეუხებელნი გახდნენ. ეს მშვიდობიანი მეზობლობა ნელინელ მეგობრობაში გადაიზარდა: სოფი დროდადრო შემოიფრენდა ხოლმე დე ლა მელასთან _ ხან სევასტის ადგილსამყოფელს დაუზუსტებდა, ხან ახალდაჭერილ თაგვს მიართმევდა, ხან სასახლის ამბებზე წაეჭორავებოდა...
გონიერ სოფის დიდი ხანი არ დასჭირვებია, მდგომარეობაში რომ გარკვეულიყო. მან ყურადღებით მოუსმინა მელათმთავარს, თვინიერად დააცალა დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს დაესრულებინათ მორიგი პაექრობა, მერე მძიმედ აფრინდა და ტყისაკენ აიღო გეზი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ზიტა კვლავინდებურად სარკმელში იყო შეყუჟული და კუდგრძელებს მისი არსებობა მაშინღა გაახსენდათ, როცა სოფის გააყოლეს თვალი და ბუს მიდევნებული ყვანჩალა დაინახეს.
სოფის ყვანჩალას დამგზავრება აშკარად აწყობდა. ინათებდა თუ არა, სულ უფრო და უფრო ცუდად ხედავდა და თუ სამელიეთში უკვე გათენებულზე მოუწევდათ მიბრუნება, ზიტას უნდა მიჰყოლოდა კუდში.
ბუმ გეზი პირდაპირ ბომბოკოს ბუნაგისაკენ აიღო. დე ლა მელასთან ლაპარაკის შემდეგ, ეჭვი მაინც ღრღნიდა _ ვაითუ დათვი რაიმემ გააცოფა ან ფუტკრებმა დაკბინეს და გონებადაბნელებულმა მელიებზე იყარა ჯავრიო...
ბომბოკო ბუნაგის წინ დაუხვდათ. მხარ-თეძოზე ისე არხეინად და მშვიდობისმოყვარედ წამოგორებულიყო, რომ სოფი ხმისამოუღებლად გადააფრინდა თავზე და კვლავ სამელიეთისაკენ გაეშურა. მხოლოდ ზიტამ წაიჩხავლა რაღაც მისალმებისდაგვარი და კუდი დაუქნია უცნაური წყვილის შემოფრენით ცოტა არ იყოს გაკვირვებულ დათვს.
გათენებულიყო და ახლა უკვე ზიტა მიფრინავდა წინ. მიფრინავდა ნელა და აუჩქარებლად, მაგრამ დროდადრო მაინც უკან იყურებოდა _ სოფი ხომ არ ჩამორჩაო...
ის-ის იყო, ციხესიმაგრეში შეფრენას აპირებდნენ, რომ ზიტა მოცელილივით დაეშვა გალავნის ქონგურზე. სოფი უხმოდ გვერდზე მიუჯდა.
ცოტა ხანში, სული რომ მოითქვა, ზიტამ აკანკალებული ხმით ჰკითხა სოფის _ მდელოზე რამეს თუ ხედავო? სოფიმ უარის ნიშნად დიდი თავი გააქნია. ზიტამ რაღაც დაბნეულად მიმოიხედა გარშემო, მაგრად მოჭუტა თვალები და მერე ისევ თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა ციხესიმაგრის წინ გაშლილ მდელოს. არა, ნამდვილად არაფერი ეჩვენებოდა _ ზედ შუა მდელოზე უზარმაზარი გველეშაპი გაწოლილიყო... მერე სოფიმაც თითქოს გაარჩია რაღაც რუხი და უძრავი ბორცვი...
ზიტა შიშისაგან ადგილიდან ვერ იძვროდა. სოფის გულმა უკარნახა, რომ ახლა მხოლოდ მის საზრისიანობაზე იყო დამოკიდებული სამელიეთის ბედი და განწირულივით მოსწყდა გალავანს.
სუნთქვაშეკრული ზიტა ხედავდა, რა მძიმედ იქნევდა ფრთებს ბუ და რა ფრთხილად დაფრინდა რუხი მთის შორიახლოს. სოფი ცოტა ხანს შეყოვნდა. ეტყობოდა, ძალას იკრეფდა, მაგრამ მერე მხნედ წაბაჯბაჯდა გველეშაპისაკენ და ზედ ცხვირწინ დაუსკუპდა.
გველეშაპი მოწკურული თვალებით ბუს მიაშტერდა _ ეს ვინღააო?
სოფი ცდილობდა, რაც შეიძლება ბოხი და სერიოზული ხმით ელაპარაკა და სიტყვა-პასუხიც განსაკუთრებით ზრდილობიანი ჰქონოდა _ რაც უნდა იყოს, ელჩობა ჰქონდა ნაკისრი.
_ პატივცემულო გველეშაპო, _ როგორც იქნა, ამოთქვა სოფიმ, _ მაპატიეთ, რომ სახელით ვერ მოგმართავთ.
_ მე კლარა მქვია, _ მოულოდნელად ნაზი და წკრიალა ხმით უპასუხა გველეშაპმა.
_ მადამ კლარა, _ კვლავ წამოიწყო სოფიმ, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, მაგრამ ახლა უკვე თავისივე ხმით.
_ გაუთხოვარი გახლავართ, _ გააწყვეტინა სიტყვა კლარამ.
_ ოო, მომიტევეთ, მადმუაზელ, ეს ხომ ისედაც ჩანს... ასეთი ნაზი და მშვენიერი არსება... _ არ დაიბნა სოფი.
_ თქვენ ასე თვლით? _ იკითხა კლარამ აშკარად ნასიამოვნები კილოთი.
_ რაღა თქმა უნდა, ამას ხომ ბრმაც დაინახავს, _ თქვა სოფიმ და ინანა, _ ვაითუ კლარამ იცის, ბუები დღის სინათლეზე ცუდად რომ ხედავენო.
_ როგორ დაინახავს, თუ ბრმაა? _ სულ სხვანაირად შეატრიალა კითხვა კლარამ.
_ გამოთქმაა ამნაირი. მაგალითად, როდესაც ვამბობთ: გული გამისკდაო, _ მართლა ხომ არ გვისკდება გული, _ გაუჭირვებლად მოიხმო მაგალითი სოფიმ.
_ ჰოოო? _ გაიკვირვა კლარამ, _ თუმცა ყოველთვის მიჭირდა ამგვარ გამოთქმებში გარკვევა... მშობლებსაც იმიტომ გამოვექეცი...
_ რატომ გამოექეცით? _ ჩაეკითხა სოფი, რომელსაც კლარას გაჭირვებამ თავისი დამშეული ბარტყები გაახსენა.
_ ჩვენს გამოქვაბულში შემთხვევით კვერცხს დავაბიჯე ფეხი და დედ-მამამ სულ `მოსაკლავი~ მიძახეს. შემეშინდა და აქეთ გამოვიქეცი... უკვე რამდენი ხანია მას შემდეგ... ესე იგი არ მომკლავდნენ? ეს მხოლოდ გამოთქმაა ამგვარი? აბა, თუ ბოროტები არ იყვნენ და ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, რატომ იძახდნენ: `ამ მოსაკლავმა ჩვენი უკანასკნელი იმედი დაამსხვრიაო?~ _ მე ხომ მხოლოდ კვერცხი შემომატყდა? _ თავისას არ იშლიდა კლარა.
სოფიმ მძიმედ ამოიოხრა და რაღაც უიმედოდ ახედა გველეშაპს.
_ როგორ ბრძანებთ, თქვენი მშობლები, ასეთი საპატივცემულო გველეშაპები, თავიანთ ქალიშვილს მოსაკლავად როგორ გაიმეტებდნენ... იმ კვერცხიდან, ალბათ, თქვენი ძმის ან დის გამოჩეკას ელოდნენ და იმიტომაც გაცეცხლდნენ.
_ არა, პირიდან ცეცხლს არ აფრქვევდნენ, _ დააზუსტა კლარამ, _ ცეცხლს რომ აფრქვევენ, ისინი ჩვენი შორეული ნათესავები არიან.
სოფი აღარ გამოედევნა კლარას ნათესაური კავშირების დადგენას და გველეშაპთან ლაპარაკის თავდაპირველი გეგმა გაიხსენა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე, ნელინელ, მოთქმით წამოიწყო:
_ სულ მარტოდმარტო დარჩენილი, თან ასეთი ლამაზი, ასეთი ახალგაზრდა... რა უსამართლობაა...
ბუმ უეცრად შეწყვიტა მოთქმა და რიხიანი კილოთი დაასკვნა:
_ თქვენ უნდა დაბრუნდეთ! დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ კერას!
_ რას დავუბრუნდე? _ კვლავ ვერ გაიგო კლარამ.
_ მშობლიურ გამოქვაბულს, _ განმარტა გველეშაპის მიუხვედრელობით გაბეზრებულმა ბუმ.
_ არასოდეს! მე მათთან საერთო აღარაფერი მაქვს და სულაც დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მე უკვე დიდი ვარ.
სოფიმ ერთი კი დააპირა შეპასუხება, _ პატარა ხარო, _ მაგრამ ამ ვეება მთას რომ ახედა, ენა არ მოუბრუნდა და უიმედოდ ჩაქინდრა თავი.
კლარა, პირიქით, გახალისდა, ლაპარაკის ხასიათზე დადგა და მეოცნებე ხმით განაგრძობდა:
_ დიახ, მე უკვე ზრდა+
კომენტარი: 0 | ნანახია: 260 |